ბაია კვიციანი მარნეულის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბავშვთა უფლებების დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ბაია კვიციანი მარნეულის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, ბაია კვიციანმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
შეხვედრაზე სკოლის კოლეგიალური ორგანოების, მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამეურვეო საბჭოს საქმიანობაზე და აღნიშნულ ორგანოებში მოსწავლეთა ჩართულობის საკითხზე ისაუბრეს. ბაია კვიციანმა ისაუბრა კომიტეტში მიმდინარე თემატურ მოკვლევაზე, რომლის მიზანიც არის სასკოლო საზოგადოების ჩართულობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო განათლების მნიშვნელობაზე.
თავის მხრივ, მოსწავლეებმა დეპუტატს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაუზიარეს და შეკითხვები დაუსვეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებმა პარლამენტის სასახლე დაათვალიერეს.