მარიამ ლაშხი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  მარიამ ლაშხი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა.
მარიამ ლაშხმა ახალგაზრდებს პრეზენტაცია წარუდგინა თემაზე: „საქართველოს გენდერული თანასწორობისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები”.

დეპუტატმა ახალგაზრდებთან  საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში გადადგმულ ნაბიჯებზე.
მარიამ ლაშხმა, როგორც გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა, ასევე  ისაუბრა გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„შეხვედრაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ კონკრეტული რეფორმები და ინიციატივები, რომელიც ევროპული ოჯახის წევრობისთვის საქართველომ განახორციელა. ასევე ვისაუბრეთ გენდერულ კვოტირებასა და პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობაზე. შევთანხმდით, რომ შეხვედრებს ექნება სისტემატური ხასიათი”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მან ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუდენტებმა პარლამენტის სასახლე დაათვალიერეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები