ირაკლი კობახიძე: ირაკლი ღარიბაშვილი არასდროს გაურბის კომენტარების გაკეთებას, მათ შორის, მძიმე თემებზე
“ირაკლი ღარიბაშვილი არასდროს გაურბის კომენტარების გაკეთებას, მათ შორის, მძიმე თემებზე. როცა იქნება ამის საშუალება, აუცილებლად გააკეთებს განცხადებას”, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა, რატომ დუმს პრემიერმინისტრი ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე.
კობახიძის თქმით, ის იმედოვნებს, რომ მკვლელები დაისჯებიან.
„ირაკლი ღარიბაშვილი არასდროს გაურბის კომენტარების გაკეთებას, მათ შორის მძიმე თემებზე. უმძიმესი თემაა, ბუნებრივია – ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი თანამოქალაქეების მკვლელობა. როცა იქნება ამის საშუალება, აუცილებლად გააკეთებს განცხადებას ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვგმობთ ამ უმძიმეს ფაქტს, ადამიანის მკვლელობას ძალიან სასტიკი ფორმით. გვაქვს იმედი, რომ საბოლოო ჯამში დამნაშავეები დაისჯებიან, რაც რთულია, რადგან ოკუპირებულია ჩვენი ისტორიული რეგიონი. აფხაზეთი ამ შემთხვევაში. თუმცა იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში მკვლელები დაისჯებიან“, – აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე, 43 წლის თემურ კირბაია მოკლეს.