რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს და ჩვენს ქვეყანასთან ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიც გაიხსნება.
ამის შესახებ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამასთან, მოსალოდნელია, რომ ნატო საქართველოს მაპს დროზე ადრე მიანიჭებს და ამაზე საუბარი ძალიან მალე დაიწყება.
“ჩვენი პროგნოზით, რომელიც ადრე გავაკეთე, ვფიქრობთ, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. არა მარტო სტატუსს, მომავალში ჩვენს ქვეყანას უფრო სერიოზული შემოთავაზებები ექნება, საერთაშორისო ორგანიზაციებში სხვადასხვა ფორმით გაწევრიანდეს. მაგრამ, არის პრობლემა, უნგრეთის პრეზიდენტი, უკრაინისადმი მისი პიროვნული დამოკიდებულება. უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მისი ასეთი აქტივობა გარკვეული ტიპის კითხვებს აჩენს, ხომ არ შეუშლის ეს ხელს საქართველოს, კანდიდატის სტატუსი მიიღოს. რა თქმა უნდა, ეს დებატების დონეზე იქნება. ევროკავშირში დებატები უკვე მიდის როგორც უნგრეთის პრეზიდენტთან, ისე. – მთლიანად უნგრეთის დელეგაციასთან. არის მოსაზრება, რომ უნგრეთის პრეზიდენტი ამას თავის ქვეყნის სასარგებლოდ აკეთებს და თავის ქვეყნის ინტერესებს იცავს უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი ევროკავშირის ქვეყანა ამ გლობალურ პოლიტიკურ პროცესებში. არის მეორე მოსაზრება იმის შესახებ, რომ უნგრეთის პრეზიდენტი ამით რუსების წისქვილზე ასხამს წყალს. ასევე, არის მოსაზრება, რომელიც, ჩვენი აზრით, რეალობასთან ყველაზე ახლოსაა – უნგრეთს ევროკავშირისგან მისი კუთვნილი 10 მილიარდი ევრო უნდა მიეღო, რომელიც ევროკავშირმა გარკვეული მიზეზების გამო შეაფერხა, უნგრეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან თავის შესაძლებლობების დემონსტრაციას ახდენს იმისთვის, რომ ეს თანხა მიიღოს. ნებისმიერ შემთხვევაში, უნგრეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დემარში საერთო დინების საწინააღმდეგოდაა მიმართული და ამას ამ ქვეყნისთვის
კარგი შედეგები არ მოჰყვება. ჩვენ ეს არ შეგვეხება. მიმდინარე პროცესებმა საქართველოს თავისი ფუნქციების და დანიშნულების ადგილი მიუჩინა, რაც ჩვენი ისტორიული მისია იყო. ვერც უნგრეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის , ვერც სხვა რომელიმე პოლიტიკური ძალის უკრაინის წინააღმდეგ აქტივობა ჩვენ ხელს ვერ შეგვიშლის. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები ახლა ევროპაში არიან და კარგ სამუშაოებს ეწევიან, რამდენადაც ვიცით. მიაწვდინონ ხმა უნგრეთის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლებს, რომლებიც იქ იმყოფებიან, რომ ორივე მხარეს, რუსეთს და უკრაინას გამოსავალი შესთავაზონ, ისე რომ სუბიექტური არ იყვნენ და მათი აქტივობა რუსეთის სასარგებლოდ არ იყოს. რუსეთმა ჯარი 2022 წლის 24 თებერვლის პოზიციებზე გაიყვანოს და უკრაინის ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს. ჩვენ ამ ინიციატივას ვთავაზობთ. მომავალში ეს მაინც ასე იქნება. თუ ასე არ იქნება, თუ დასავლეთი უკრაინას დახმარებას შეუფერხებს, ბრძოლის ველზე პოზიციური ბრძოლები გარდამავალი უპირატესობით ნელ-ნელა პარტიზანულ ომში გადაიზრდება.
როგორც მოგახსენეთ, საქართველოს კანდიდატის სტატუსსაც მისცემენ და მასთან წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებსაც გახსნიან. მეტსაც გეტყვით – დროზე ადრე იქნება, რომ საქართველოს ნატომ მაპი მიანიჭოს. ამაზე საუბარი ძალიან მალე დაიწყება. ვფიქრობთ, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, თუ მანამდე არა. ეს, რა თქმა უნდა, რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს. ისევ გაიხსნება ჭრილობა, აფხაზეთი , ცხინვალი, დაკონსერვებული კონფლიქტები. რაც ამაზე უარესია, მოღალატე, პრორუსი ქართველები, მეხუთე კოლონა, შულავერის კომიტეტის შთამომავლები იქნებიან, მათი მეშვეობით ისინი საქართველოში ვითარების არევას შეეცდებიან. ჩვენი ინიციატივა იყო შემდეგი, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, სამეზობლოს ეს თემა უნდა შევუთანხმოთ და საერთაშორისო ტრიბუნებიდან რუსეთს შევთავაზოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომელ საერთაშორისო ორგანიზაციაში იქნება საქართველო, რუსეთმა და საქართველომ ურთიერთთავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებას მოაწერონ ხელი”, – განაცხადა კასრელიშვილმა.