საპარლამენტო დელეგაცია ყაზახეთის კულტურისა და ინფორმაციის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, შეხვედრა გამართა ყაზახეთის კულტურისა და ინფორმაციის მინისტრის მოადგილე არმან ჟუდებაიევთან.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს კულტურის დიპლომატიისა და ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა, აღსანიშნავია, რომ 2024 წლისთვის დაიგეგმა რამდენიმე საერთაშორისო დონის პროექტი.
ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და ინფორმაციის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა კულტურის სფეროში ინდუსტრიების განვითარების აუცილებლობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები ირაკლი ზარქუა და გელა სამხარაული. ასევე ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ლალიაშვილი.