“ნიკა მელიას ნამდვილად ჰქონდა მუხტი პარტიის დასაშლელად და ახლა ეს მუხტი გამოიყენა” – არჩილ თალაკვაძე
„მელიას ნამდვილად ჰქონდა მუხტი პარტიის დასაშლელად და ახლა ეს მუხტი გამოიყენა“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს უკვე არის ადამიანი, რომელმაც თქვა ერთხელ, არ გადავიხდი ჯარიმასო, გადაიხადა. თქვა არ შევალ პარლამენტშიო, შევიდა. თქვა, არ წავალ პარტიიდანო, წავიდა. ჯერჯერობით ყველაფერი უკუღმა გამოსდის და ძალიან არასერიოზული რეპუტაცია შეიძინა პოლიტიკაში. „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტია, რომ არის დაშლის ბოლო ფაზაში. არ ჰყავთ ლიდერი, არ აქვთ სამომავლო პროგრამა. გამოჩნდა უკვე, რატომ იყო ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავის ტკივილი.
მან საკმაოდ ბევრ ადამიანს მოუყარა თავი და „ნაციონალური მოძრაობის“ ნახევარი, თუ მეტი არა, იმეორებს იმავეს, რასაც ამბობს და ამბობდა ნიკა მელია. მელიას ნამდვილად ჰქონდა მუხტი პარტიის დასაშლელად და ახლა ეს მუხტი გამოიყენა“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
საკუთარ პარტიასთან 9-თვიანი დაპირისპირების შემდეგ, ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და საკუთარ პარტიას აფუძნებს.