არჩილ თალაკვაძე: ფაქტია, რომ ნიკა მელიამ რაღაც მუხტი გაიყოლა და პარტია დღეს კიდევ უფრო მეტად დაშლილია

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რომ გითხრათ ახლა, ყვავილოვანი კომბოსტოს ფორმას მიიღებს-თქო, არ ვიქნები მართალი – არჩევნებისთვის რაღაც ფორმას მიიღებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედის LIVE“ განაცხადა.

მან ისაუბრა, თუ ვინ შეიძლება, საარჩევნოდ იყოს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერი და იქნება თუ არა ეს ექსპრეზიდენტი სააკაშვილი.

მისივე თქმით, სააკაშვილის თამაში არის ის, რომ ყველას დაუმტკიცოს, პარტიაში არავინაა მის გარდა ლიდერი.

„მე ასე ვხედავ – სააკაშვილი ცდილობს მაქსიმალურად არიოს თავის პარტიაში ვითარება, რათა დაამტკიცოს ლეგენდა, რომ ის არის შეუცვლელი და ერთადერთი ლიდერი. მანიფესტი კი გამოაქვეყნა, მაგრამ ერთობის მანიფესტი უნდა ყოფილიყო და სინამდვილეში დაშლის მანიფესტი გამოვიდა.

დანარჩენები ფიქრობენ, რომ იგი არ არის ლიდერი, ვერ გაუძლო პატიმრობას, არათანმიმდევრულია განცხადებებში. ხან დავრდომილად წარმოაჩენდა თავს, შემდეგ თქვა, რომ ვინ გაბედა, ჩემი დავრომილად წარმოჩენაო. არადა, ფულს იხდიდა ამაში მისი ოჯახი. მისი თანაგუნდელები კი ბევრად მეტი ხანი ისხდნენ საპატიმროში და მათ ბევრად ღირსეულად მოიხადეს სასჯელი, ამ ადამიანმა დაკარგა ლიდერის პოზიცია. ეს ხომ დაინახეს დანარჩენმა ჯგუფებმა, დაიწყეს დარჩენილი მემკვიდრეობის გადანაწილება – ეს არის „შავი ფული“, სკამები, გავლენა ტელევიზიაზე. იქ გამოიკვეთა ორი ჯგუფი, ვისაც ჰყავდა შეყვანილი პოლიტსაბჭოში, დააპატარავეს პოლიტსაბჭო. მოკლედ, რომ გითხრათ, ამ ყველაფერს ბედნიერი დასასრული ექნება, არ იქნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „ნაცმოძრაობიდან“ წასულ ნიკა მელიაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მან პარტიიდან ადამიანების რაღაც მუხტი გაიყოლა.

„ფაქტია, რომ ამ ადამიანმა რაღაც მუხტი გაიყოლა და პარტია დღეს კიდევ უფრო მეტად დაშლილია. ეს კარგია პოლიტიკისა და იმისთვის, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს, უბრალოდ უნდა გამოიყენოს!“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები