რატი იონათამიშვილი: დღეს სალომე ზურაბიშვილი აღარ არის პრეზიდენტი, მან ამის მორალური უფლება იმ დღიდან დაკარგა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი გახდა
დღეს სალომე ზურაბიშვილი აღარ არის პრეზიდენტი, მან ამის მორალური უფლება იმ დღიდან დაკარგა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი გახდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში ჩაიწერა, როგორც კონსტიტუციის დამრღვევი ე.წ. პრეზიდენტი.
„რაც სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, რაც უმძიმესია, ის ჩაიწერა ისტორიაში, როგორც კონსტიტუციის დამრღვევი ე.წ. პრეზიდენტი. რა რეიტინგიც მას არჩევნების დროს ჰქონდა, იმაზე უარესი რეიტინგი აქვს დღეს. ცხადია, მას არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა არ გააჩნია როგორც ცალკე აქტორს. მეტიც, ზურაბიშვილი როგორც ცალკე აქტორი არ არსებობს ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი და პროპაგანდისტი და მათ დღის წესრიგზე მდგარი ადამიანი. ეს მისი არჩევანი იყო, ეს ნახა საზოგადოებამ, შეაფასა და ცხადია, მის პოლიტიკურ პერსპექტივას არანაირი ფასი არ აქვს“, – განაცხადა იონათამიშვილმა “ქრონიკის” ეთერში.