გიორგი ვოლსკი: საქართველო თავისი მაჩვენებლებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსსაც და უფრო მეტსაც

“საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო თავისი მაჩვენებლებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსსაც და უფრო მეტსაც”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ “ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია დეზინფორმაციების სათავეშია.

“რასაკვირველია, ოპოზიცია არის ყველანაირი დეზინფორმაციის, „ფეიკნიუსის“ სათავეში, რომ თითქოს საქართველო იქნება რაღაც გაცვლითი ფაქტორი უკრაინასთან მიმართებით, ან პირიქით. ეს არასწორია, იმიტომ რომ ევროკავშირის არაერთი ქვეყნის პარლამენტებმა მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება და პრემიერმინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის და სხვა დელეგაციების ვიზიტები საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო – მათ შორის, ერთ-ერთი არის უნგრეთი. მას აქვს გარკვეული მონაცემები პოლიტიკურ ასპარეზზე თავისი კონსერვატიზმით, ეკონომიკის დარგში თავისი სტაბილურობით, ძალიან ბევრი უცხოური კომპანიაა შესული ამ ქვეყანაში – არის ისეთი თემები, რომლებიც სატრანზიტო მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ სხვა მაჩვენებლებიდან გამომდინარე აკავშირებს უნგრეთსა და საქართველოს ინტერესებს. რასაკვირველია, აქ საგანგებო მნიშვნელობა აქვს ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების გაძლიერებას და უნგრეთის მხარდაჭერას, რომელსაც ველოდებით სულ მალე, როდესაც ჩვენი კანდიდატობის საკითხი საბოლოოდ გადაწყდება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო თავისი მაჩვენებლებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსსაც და უფრო მეტსაც. ეს მაჩვენებლები ჩვენ არ დაგვიწესებია – მსოფლიო ბანკმა და სხვა არაერთმა კომპეტენტურმა უწყებამ დააყენა საქართველო ბევრ ევროპულ ქვეყანაზე უკეთეს პოზიციაზე. საქართველოს მაჩვენებლები ნამდვილად არის საშუალო ევროპული სტანდარტის“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები