მამუკა მდინარაძე: რა გგონიათ ახლა, ოპოზიცია ჩვენზე ნაკლებ ფულს ხარჯავს?! უბრალოდ, შავ ფულს არ ვატრიალებთ
რა გგონიათ ახლა, ოპოზიცია ჩვენზე ნაკლებ ფულს ხარჯავს?! უბრალოდ, შავ ფულს არ ვატრიალებთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას თუ რაიმე არგუმენტი აქვს, რომ „ქართულ ოცნებაში“ შავი ფული ტრიალებს, ერთი კითხვა მაინც უნდა ჰქონოდა და პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე დაესვათ.
“ადრე ამბობდნენ, იურიდიული პირების მიერ ხდება დაფინანსებაო, ახლა ამბობენ – ფიზიკური პირებისო. მოვხსნათ მაშინ საერთოდ პარტიებისთვის დაფინანსება. რაც ტყუილია, ის როგორ დავამტკიცოთ?! სად არის შავი ფული, მე მითხარით და მოვიძიებ. ყოველთვის ხდება ისე, რომ ან მოგონილ ამბებზე კეთდება სიუჟეტები, ან მოგონილი არგუმენტებია და კონკრეტული მტკიცებულება დღემდე ვერავინ დადო. არ აინტერესებთ ეს თემა, უბრალოდ უნდათ, ისროლონ ტალახი, ვიღაცა დაიჯერებს, ვიღაცა არა და მერე ეს ტალახი უნდა იწმინდო ყველა ჯერზე. ეს არის მათი მიზანი. თუ მართლა პარტიების დაფინანსების საკითხი აინტერესებთ, ოპოზიციამ ერთი კითხვა როგორ არ დასვა?! ერთი არგუმენტიც რომ ჰქონოდათ, ხომ მივიდოდნენ კომიტეტზე და ამას გაახმოვანებდნენ?! რეალურად იცით რაშია საქმე? – შავი ფული ტრიალებს „ნაცმოძრაობაში“. არ ვგულისხმობ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“, მთელ კლასტერს ვგულისხმობ, იქ თავის დროზე, ბიუჯეტიდან მოპარული ფული ტრიალებს. უნდათ ხალხს მოაჩვენონ, რომ სხვაგანაც შავი ფული ტრიალებს. რეალურად რატომ ჩანს ხოლმე, რომ ჩვენი [პარტიის] ხარჯი გაცილებით დიდია ვიდრე მათი, იცით? – შავ ფულს არ ვატრიალებთ არსად და ყველაფერს თეთრად ვაჩვენებთ. თქვენ რა გგონიათ ახლა, ოპოზიცია ჩვენზე ნაკლებ ფულს ხარჯავს?! ამ ქვეყანაში არის ხალხი, ვინც მმართველ პარტიას წირავს თანხას, ოღონდ ისე კი არა „ნაცები“ რომ ღამით დაიბარებდნენ და ნოტარიუსებთან აფორმებინებდნენ, ციხიდან რომ თითს დააქნევინებდნენ და ადვოკატის მეშვეობით ამბები გამოჰქონდათ, საშინელებებს აკეთებდნენ და ბიზნესს არეკეტებდნენ“, – აღნიშნა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარტიების დაფინანსების საკითხს უკავშირდება, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.