დავით მათიკაშვილი: პარტიები კარგად უნდა დაფიქრდნენ და გაიაზრონ, თუ როგორი ელექტორალური მხარდაჭერა სურთ და შესაბამისი ნაბიჯები ისე გადადგან
“პარტიები არჩევნებისთვის მოამზადონ და საკუთარი პარტიის მსგავსი პლატფორმის პარტიასთან მოახდინონ შერწყმა. კანონი მათ ამის შესაძლებლობა აძლევს და ეს მოცემულობა გამოიყენონ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების გაერთიანება არის ის გარდაუვალი და აუცილებელი პროცესი, რომელიც პარტიული დემოკრატიის ჭრილში საპარლამენტო სისტემას აძლიერებს.
„აღნიშნული კანონის პროექტი თავად წარვადგინე და გავიტანე პარლამენტის წინაშე. აღნიშნული ცვლილებების შესახებ ოპოზიციას ერთი კითხვაც კი არ დაუსვამს – არც საკომიტეტო და არც სასესიო დარბაზში ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციას კითხვა არ ჰქონია. აღნიშნულ თემაზე კითხვები არც არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან დასმულა.
პოლიტიკური პარტიების გაერთიანება არის ის გარდაუვალი და აუცილებელი პროცესი, რომელიც პარტიული დემოკრატიის ჭრილში საპარლამენტო სისტემას აძლიერებს. ქვეყანაში გაუქმებულია საარჩევნო ბლოკების სისტემა სწორედ იმ მიზნით, რომ თითო-ოროლა საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად რაღაც დროებითი პოლიტიკური გაერთიანებები არ შედგეს. ამიტომ პარტიები კარგად უნდა დაფიქრდნენ და გაიაზრონ, თუ როგორი ელექტორალური მხარდაჭერა სურთ და შესაბამისი ნაბიჯები ისე გადადგან.
ის რომ ერთი პარტიის მეორესთან პირობითი შერწყმის შედეგად ორი სახელით უნდა გაერთიანდეს, ეს არც მიღებული და არც ევროპული პრაქტიკაა – ეს არის სწორედ ბლოკი. პარტიები პრაქტიკულად ბლოკის დაბრუნებას ითხოვენ და ბლოკი ვერ დაბრუნდება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საუბარია პარლამენტის მიერ ოქტომბრის თვეში განხილულ და სამივე მოსმენით მიღებულ პროექტზე, რომლის თანახმად, ამა თუ იმ პარტიის საარჩევნო სია მხოლოდ ამ პარტიის წევრებისგან ან იმ პირებისაგან უნდა შედგებოდეს, რომლებიც სხვა პარტიის წევრები არ არიან. მანამდე არსებული ნორმით, ერთი პარტიის წევრის მეორე პარტიის სიაში შეყვანა დასაშვები იყო, თუკი ამ პოლიტიკოსის პარტია არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა.