გია ვოლსკი: საქართველოსთან ახლო ურთიერთობის ინტერესი აქვს ევროპასაც
“საქართველო, უპირველეს ყოვლისა, შეფასდება თავისი მონაცემებით და ეს მონაცემები უტყუარი მანიშნებელი, ინდიკატორია, სად ვდგავართ, რა გვეკუთვნის ევროკავშირის ფორმატში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსთან ახლო ურთიერთობის ინტერესი აქვს ევროპასაც.
„რასაკვირველია, წარმატებას ვუსურვებთ უკრაინელებსაც, მოლდოვასაც, სხვა ქვეყნებს. საქართველოსთან ახლო ურთიერთობის ინტერესი აქვს ევროპასაც. საქართველო მათთვის გეოპოლიტიკურად, გეოგრაფიულად საგანგებო მნიშვნელობის ქვეყანაა. საქართველო არასდროს იქნება შიდა გარიგებების ან არაჯანსაღი მოლაპარაკებების თემა. ერთ პაკეტში განიხილება თუ ცალკე, რასაკვირველია, საქართველო, უპირველეს ყოვლისა, შეფასდება თავისი მონაცემებით და ეს მონაცემები უტყუარი მანიშნებელი, ინდიკატორია, სად ვდგავართ, რა გვეკუთვნის ევროკავშირის ფორმატში. პოზიცია გამომდინარეობს ჩვენი მონაცემებიდან, მიღწევებიდან, რომლებიც ევროკომისიამ დააფიქსირა. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა, კიდევ საკამათოა ევროკავშირის ფორმატში, და უნგრეთს ამასთან დაკავშირებით გარკვეული პოზიცია აქვს, რასაკვირველია, ეს არანაირად არ აკნინებს მონაცემებს, რაც საქართველოს აქვს. საქართველო გარკვეულ საკითხებში მნიშვნელოვნად უსწრებს წინ ევროკავშირის კანდიდატ და ზოგიერთ წევრ ქვეყანასაც“, – განაცხადა ვოლსკიმ.