“უნდა შეიზღუდოს და მინიმუმამდე დავიდეს მოჭარბებული გავლენის მქონე პირების ზემოქმედება საარჩევნო პროცესზე” – დავით მათიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პარტიების დაფინანსების წესებში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უნდა შეიზღუდოს და მინიმუმამდე დავიდეს მოჭარბებული გავლენის მქონე პირების ზემოქმედება საარჩევნო პროცესზე.
„თუკი სადმე იყო სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ იურიდიულ პირებს დაეფინანსებინათ, პატარა მასშტაბით იქნებოდა თუ დიდი მასშტაბით, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს შესაძლებლობა ჩვენი ევროპელი კოლეგების თვალსაზრისით არ უნდა ჰქონდეთ იურიდიულ პირებს სწორედ იმ მიზნით, რომ არჩევნებზე არ მოხდეს მოჭარბებული ძალაუფლების მქონე პირების გავლენის რეალიზება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ხვალინდელი და ზეგინდელი დღისა და 2024 წლის არჩევნებისთვის“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
დღეს პარტიების დაფინანსების წესებში შესატან ცვლილებებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ.