ირაკლი ბერაია: საქართველო ნატოს წევრობისთვის მზად არის

“ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან ჩვენი მთავარი სასაუბრო არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყნის ნატოში გაწევრიანება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ნატოს წევრობისთვის მზადაა.

„ყველაზე მთავარი, რაზეც საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში ჩამოვიდა, ეს არის საქართველოს ნატოში გაწევრიანება და გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. განსაკუთრებით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. ჩვენი დელეგაცია ხმამაღალი იქნება იმაში, რომ ალიანსის წევრ სახელმწიფოებს ვუთხრათ, რომ ჩვენ გვაქვს შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინი პარტნიორების მხრიდან. საქართველო ნატოს წევრობისთვის მზად არის, ქვეყანა ნატოს წევრობას იმსახურებს. ბურთი არის ალიანსის მოედანზე. იმედი გვაქვს, რომ გონივრულ ვადებში იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა ბერაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, ასევე, ნატოში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები