“მალე იქნება გადაწყვეტილება, რომ საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას ევროინტეგრაციის გზაზე, უნგრეთის მყარი პოზიცია ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია” – გია ვოლსკი
„ნამდვილად გამორჩეულია უნგრეთი, საქართველოს ლობირებს. ვერ ვიტყოდი, რომ მარტო უნგრეთია პოზიტიურად განწყობილი. ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი საკმაოდ საინტერესო შეხვედრებს ატარებენ ბოლო პერიოდში. ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა პოზიციების დაახლოება, ბევრ ევროპულ ქვეყანასთან“,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
“დღეს ვართ უნგრეთში, ქვეყანაში, რომელიც არის საქართველოს მეგობარი. პარტიულ სტრუქტურებთანაც გვექნება შეხვედრა. თანამშრომლობის თემა, რასაკვირველია, აქტუალურია. სულ მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას ევროინტეგრაციის გზაზე. რასაკვირველია, აქ უნგრეთი, მისი მეგობრობა, მისი მყარი პოზიცია საქართველოს მხარდასაჭერად არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტით იმყოფება. ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცეპრემიერთან, ზოლტ სემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილესთან, იანოშ ლატორკაისთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჯუდიტ ვარგასთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან, იანოშ ბოკასთან.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი – გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი – ირაკლი მეზურნიშვილი.