გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციას ელანდება შავი ფული, შავი ხვრელი, სიბნელე – ეს სულ მათი პრობლემაა
“ოპოზიციას ელანდება შავი ფული, შავი ხვრელი, სიბნელე – ეს სულ მათი პრობლემაა. ამიტომ, არაერთხელ მივეცით რეკომენდაცია, რომ ეს შავი ფულები, შავი ხვრელები და ათასი უბედურებები მოიცილონ და ნათელ საქართველოში გამოიღვიძონ”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა პოლიტიკური პარტიებისთვის იურიდიული პირებისგან შემოწირულობების აკრძალვის საკითხზე ოპოზიციის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
მაჭარაშვილის თქმით, იურიდიული პირების მხრიდან პოლიტიკური პარტიის დაფინანსება არ უნდა ხდებოდეს.
„დეოლიგარქიზაციის ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ, სწორედ ის, რომ იურიდიული პირების მხრიდან არ იყოს პოლიტიკური პარტიის დაფინანსება. ასე, რომ ეს კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არსებობს. ოპოზიციას ელანდება შავი ფული, შავი ხვრელი, სიბნელე – ეს სულ მათი პრობლემაა. ამიტომ, არაერთხელ მივეცით რეკომენდაცია, რომ ეს შავი ფულები, შავი ხვრელები და ათასი უბედურებები მოიცილონ და ნათელ საქართველოში გამოიღვიძონ. ამის შემდეგ ისინი მიხვდებიან, მათ შორის, დასავლელ პარტნიორებთან ერთად, რომ საქართველოში არ არის შავი ფული და შავი ხვრელები. არსებობს კანონმდებლობა, არსებობს არჩევნები, არსებობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, კანდიდატის სტატუსის მიღების წინა დღეებში ვართ და შესაბამისად, არჩევნებისთვის უნდა მოვემზადოთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, პოლიტიკურმა პარტიებმა იურიდიული პირებისგან შემოწირულობები შესაძლოა, ვეღარ მიიღონ, კანონში შესატანი ცვლილებები დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება.