“რა თქმა უნდა, გასაჯაროვდება, უწყებათაშორისი კომისიის პრეროგატივაა მისი გასაჯაროება და ფარული სამუშაო სამოქმედო გეგმით ქვეყანა არ იმუშავებს ხომ?!”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემულ რეკომენდაციებზე შემუშავებულ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების პრეროგატივა და პასუხისმგებლობაა, რეკომენდაციების შესრულება.
„რაც შეეხება 9 რეკომენდაციას, არ ვიცი რატომ ხდება ტერმინი „დათქმის“ შემოტანა, რომელიც არსად არის ნახსენები. რეკომენდაციაა ეს 9 ნაბიჯი. ევროპასთან ინტეგრაციის კომისია, რომელიც სწორედ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე არის შექმნილი, რომელშიც მონაწილეობს როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვადასხვა უწყებები, სწორედ ეს არის ის ადგილი, სადაც ყველა ცოდნა, ინფორმაცია, მათ შორის მაკოორდინირებელი ორგანოები თავს იყრიან და იქ მოხდა შემუშავება სამოქმედო გეგმის და დამტკიცდა. იცით ასევე, მათ შორის ევროკავშირის ელჩმაც განაცხადა, რომ მჭიდრო კომუნიკაციაში ევროკომისიასთან მოხდა ამ გეგმის შედგენა და დამტკიცება.
რა თქმა უნდა გასაჯაროვდება, უწყებათაშორისი კომისიის პრეროგატივაა მისი გასაჯაროება და ფარული სამუშაო სამოქმედო გეგმით ქვეყანა არ იმუშავებს ხომ?! არის გაწერილი ნაბიჯები და ერთ-ერთი გახლავთ სწორედ ეს ცვლილება – პარტიების დაფინანსების საკითხი, რომელიც, მათ შორის, ევროკომისიასთან არის შეთანხმებული. მგონი, ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ ხელისუფლების პრეროგატივა და პასუხისმგებლობაა, ვისაც ქართველმა ხალხმა მანდატი მისცა, ამ რეკომენდაციების შესრულება, ამაზე მუშაობა და ევროკომისიასთან კოორდინირება და სწორედ მისი პასუხისმგებლობით იღებს სამოქმედო გეგმას. რაც შეეხება ოპოზიციას, რა თქმა უნდა მოწვეულია, რომ დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას ამ პროცესში.
ასე რომ, თუ ვინმეს სურს, რომ დაეხმაროს ხალხს და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ამ რეკომენდაციების შესრულებაში, ყველასთვის კარი ღიაა. როგორც 12 რეკომენდაციის შესრულებისას ვნახეთ წარმატება, ევროკომისიის დასკვნა ვნახეთ და ველით პოზიტიურ გადაწყვეტილებას, ზუსტად ასევე წარმატებულად განახორციელებს საქართველოს ხელისუფლება ამ 9 რეკომენდაციას. ერთადერთი, რისიც გვეშინია, რისკები რისიც არსებობს, ეს არის ის, რომ კვლავ ვნახავთ ოპოზიციას და რამდენიმე აქტივისტურ ჯგუფს, რომელიც ხელს შეუშლის რეკომენდაციების შესრულებას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ისევე წარმატებით შეძლოს ამ ხელშეშლის თავიდან არიდება, როგორც ეს 12 რეკომენდაციის დროს მოხდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.