ნინო ლაცაბიძე და პარლამენტარი ირაკლი შატაკიშვილი მედიათეკაში ქართულ-აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ და აზერბაიჯანული ლიტერატურის კუთხე გახსნეს

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი ქართულ-აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდნენ. რუსთავის მერმა, მედიათეკის სტუმრებს სპეციალურად ახალგაზრდებისთვის შექმნილ სერვისებზე მიაწოდა ინფორმაცია და ის პროგრამები გააცნო რომლებიც მათთვის დაიგეგმა და განხორციელდა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

,,სამთავრობო და საპარლამენტო გუნდი ვაგრძელებთ შეხვედრებს, ვაჯამებთ წელს, ასევე ვგეგმავთ 2024 წლის ახალ პროექტებს. მედიათეკაში საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გვქონდა ახალგაზრდებთან. დღეიდან მათთვის აზერბაიჯანულენოვანი ლიტერატურაც იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითოეულ ახალგაზრდას აქ თავისი სივრცე ჰქონდეს და შეძლოს სრული ინტეგრირება. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროექტები, დარწმუნებული ვარ, 2024 წელი იქნება კიდევ უფრო შედეგიანი და ყველა ერთად, კიდევ უფრო მეტი ახალი და საინტერესო პროექტის განხორციელებას შევძლებთ”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

დღესვე მედიათეკაში ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის აზერბაიჯანული ლიტერატურის კუთხე გაიხსნა.

,,რუსთავის მედიათეკაში ჩვენი ქალაქისათვის და არა მხოლოდ ჩვენი ქალაქისთვის, ორი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა. გაიხსნა კიდევ ერთი ახალი ლიტერატურული კუთხე ჩვენი აზერბაიჯანელი თემის დიდი ჩართულობით, ასევე დღეს, მედიათეკამ უმასპინძლა გლობალურ კამპანიას, რომელიც გაეროს მხარდაჭერით იმართება და გამონაკლისი არც საქართველოა. კამპანია მიმართულია გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, ასევე ემსახურება ამ მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას”, – განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

მედიათეკაში ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრას ქალაქის პროკურორი მალხაზ გეწაძეც დაესწრო, რომელმაც გენდერის ნიშნით, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების შემცირების მიზნით პროკურატურის მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებებისა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე ისაუბრა.

,,საქართველოს პროკურატურა უერთდება ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის 16 დღიან გლობალურ კამპანიას. მადლობა რუსთავის მერს, რომ საშუალება მოგვცა ამ კამპანიის ფარგლებში მედიათეკაში შევხვედროდით ახალგაზრდებსა და პედაგოგებს, ასევე დავსწრებოდით აზერბაიჯანული ლიტერატურის ახალი სივრცის გახსნას. გლობალური კამპანიის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონში დაგეგმილია პროკურორების შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან. ასევე ჩატარდება ადგილობრივი საბჭოები, რომელთა მიზანია დაზარალებულთა საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი მხარდაჭერა, ამასთან ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენცია, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება”, – განაცხადა რუსთავის პროკურორმა მალხაზ გეწაძემ.

ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის გლობალური კამპანია, 25 ნოემბერს დაიწყო და 16 დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის აქტივობას ითვალისწინებს. კამპანია, გაეროს მხარდაჭერით, ყოველწლიურად, მსოფლიოს 187 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც იმართება და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები