“ნუ დავესხმებით თავს კარლ ბილდტს, განცხადებები არ ნიშნავს, რომ ბილტდი კორუფციაშია გარეული“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილტთან დაკავშირებულ განცხადებებს სკანდალურს უწოდებს.
„ეს სკანდალია, მაგრამ, ნუ დავესხმებით თავს კარლ ბილდტს. მასთან დაკავშირებით გახმაურებული ინფორმაცია არ ნიშნავს იმას, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კორუფციაშია გარეული“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ „კვირას“ პრესკლუბში.
შეგახსენებთ, რომ გაზეთ „აფტონბლადეტის“ ინფორმაციით კარლ ბილდტმა საქართველოს მთავრობა PR-სააგენტო Kreab-ის კლიენტი გახადა, რის შემდეგაც იგი პოლიტიკურად მხარს უჭერდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. გაზეთმა დაადგინა, რომ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში რეჟიმმა კომპანია Kreab-ს ჯამში 20 მილიონი კრონი გადაურიცხა. Kreab-მა სააკაშვილის მთავრობასთან კონტრაქტი 2006 წელს გააფორმა. კლიენტის მოძებნაზე კი პასუხისმგებელი Kreab-ის მაშინდელი თავმჯდომარე კარლ ბილდტი იყო. დოკუმენტაცის მიხედვით, სააკაშვილის მთავრობას კომპანია Kreab-ის საკონსულტაციო მომსახურებაში გადახდილი აქვს 3 მილიონ 600 ათასი ლარი დღგ-ს გარეშე. დოკუმენტებს ხელს ზურაბ ნოღაიდელი, ვლადიმერ გურგენიძე და გიორგი ბარამიძე აწერენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საქართველოში შვედეთის ყოფილმა ელჩმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი თბილისიდან ვადაზე ადრე გაწვევა კარლ ბილდტის უკმაყოფილებით იყო გამოწვეული. კერძოდ, ელჩის განმარტებით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უკმაყოფილების მიზეზი ის გახდა, რომ მან უწყებას მიაწოდა დასკვნა საქართველოში 2008 წელს არჩევნების არცთუ დემოკრატიულად ჩატარების შესახებ. ელჩის კრიტიკული დასკვნა კი ეწინააღდმეგებოდა კარლ ბილდტის განცხადებებს, საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შესახებ, რაც მისი გაწვევის მიზეზი გახდა.
„ ელჩმა ძალიან მწვავე და სკანდალური განცხადება გააკეთა ბილდტზე. მისი თქმით, ბილდტი და მისი ლობისტური ორგანიზაცია მხარს უჭერს სააკაშვილს. წინა ხელისუფლებამ უამრავი თანხა გადარიცხა მისი კომპანიისთვის. კარლ ბილდტს ჩემი დაცვა არ სჭირდება, მაგრამ მინდა ადვოკატად დავუდგე. ეს განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ბილდტი კორუფციულ სისტემაშია ჩართული. შვედური საზოგადოება ამას სკანდალად არ აღიქვამს. თუკი შვედეთის საკმაოდ დემოკრატიული პოლიტიკური მმართველობა გადაწყვეტს, რომ კარლ ბილდტი დანმაშავეა და კორუფციულ სისტემაში არის გარეული, რასაკვირველია, შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს კიდეც. ნუ დავესხმებით თავს კარლ ბილდტს, როდესაც პოლიტიკაზეა ლაპარაკი, შეფასებებში უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილი“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები