“რუმინეთი არ არის მზად, ერთნაირსქესიანთა წყვილების სამოქალაქო რეგისტრაცია უზრუნველყოს” – რუმინეთის პრემიერი

რუმინეთის პრემიერმინისტრმა, მარსელ ჩოლაკუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის საზოგადოება არ არის მზად, დაიცვას ერთნაირსქესიანთა წყვილების უფლებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილების შესაბამისად.

ამის შესახებ მან რადიოსადგურ Europa FM-ს განუცხადა, – წერს Reuters-ი.

მაისში ECHR-მა დაადგინა, რომ რუმინეთი ვერ უზრუნველყოფს ერთნაირსქესიანთა წყვილების სამოქალაქო პარტნიორობის დარეგისტრირების შესაძლებლობას, რითაც არღვევს მათ უფლებებს და დაავალდებულა მათთვის ასეთი უფლების მინიჭება.

კითხვაზე, განახორციელებს თუ არა რუმინეთი სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჩოლაკუმ თქვა, რომ „რუმინეთის საზოგადოება ჯერ არ არის მზად, დათანხმდეს ასეთ გადაწყვეტილებას“.

„ეს არ არის ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი და არ მგონია, რუმინეთი მზად იყოს. მე არ ვარ ცვლილებებისადმი ჩაკეტილი ადამიანი, მყავს მამაკაცი მეგობრები, რომლებიც მამაკაცებთან არიან ურთიერთობაში, ამის პრობლემა არ მაქვს, ახლა ვამბობ პრემიერის გადმოსახედიდან“, – განმარტა მან.

რუმინეთის მთავრობის მეთაურმა დასძინა, რომ ეს არ არის პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც რუმინეთი არ ასრულებს ECHR-ის გადაწყვეტილებებს.

სოციალურად კონსერვატიულმა რუმინეთმა ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია 2001 წელს მოახდინა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ათი წლის შემდეგ, მაგრამ მაინც კრძალავს ქორწინებას და სამოქალაქო პარტნიორობას ერთნაირსქესიანთა წყვილებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები