ჯანმო-მ ჩინეთს ქვეყნის ჩრდილოეთში ბავშვთა პნევმონიის ზრდის შესახებ ინფორმაცია მოსთხოვა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთს სთხოვს, მიაწოდოს ყველა ინფორმაცია ქვეყნის ჩრდილოეთით გავრცელებული გაურკვეველი წარმოშობის ბავშვთა პნევმონიის შესახებ.
ჩინეთი გრიპის აფეთქებას ანტიკოვიდური ზომების გაუქმებით ხსნის. ჯანმო კი ჩინეთს ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
ჯანმოს მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ჩინეთის ჩრდილოეთით გრიპისმაგვარი დაავადებების რიცხვი ყველაზე მაღალია, ბოლო სამი წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით.
ჯანმოს მოთხოვნის შემდეგ, Xinhua-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ რესპირატორული დაავადებების მქონე ბავშვების დიაგნოზსა და მკურნალობას.
გასულ კვირას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ ქვეყნის მასშტაბით რესპირატორული დაავადებების მატების შესახებ განაცხადა, განსაკუთრებით – გრიპის, კოვიდის, მიკოპლაზმური პნევმონიის და რესპირატორულ-სინციციალური ვირუსის.
ოფიციალური პირების თქმით, შემთხვევების ზრდა დაკავშირებულია მკაცრი ანტიკოვიდური შეზღუდვების მოხსნასთან.
ჯანმოში ამბობენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა კავშირი პნევმონიის გავრცელებასა და ჩინეთში რესპირატორული ინფექციების საერთო რაოდენობის ზრდას შორის. ამიტომ, ორგანიზაციამ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად ოფიციალური მოთხოვნა გაგზავნა.