პოლიციის გადამწვარი მანქანები, ავტობუსები, დარბეული მაღაზიები – დუბლინის პოლიციაში აცხადებენ, რომ ქალაქში ვითარება უკვე სტაბილურია

ირლანდიის პოლიციაში განაცხადეს, რომ დუბლინში არეულობა დასრულდა და ვითარება მშვიდია.

”დუბლინის ცენტრი ახლა მშვიდია და ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება”, – თქვა პოლიციის მთავარმა ზედამხედველმა, პატრიკ მაკმინამინმა.

მისივე თქმით, არცერთი პოლიციელი მძიმედ არ დაშავებულა. ასევე, არ ყოფილა საჩივარი აქციის მონაწილეებში მძიმე დაზიანების შესახებ.

მაკმინამინმა თქვა, რომ დუბლინის ცენტრში პატრულირებას 400 ოფიცერი აგრძელებს და პოლიცია სიტუაციის მონიტორინგს გააგრძელებს.

დაკავებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დუბლინში გვიან ღამით პოლიციასთან შეტაკება მოხდა, რასაც წინ უძღოდა სკოლასთან მომხდარი დანით თავდასხმა, რის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი იყო.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი, რომელიც უკვე დაკავებულია, 50 წელს ზემოთ მამაკაცია, რომელსაც თანამზრახველები არ ჰყავდა. ძალოვანები აღნიშნავენ, რომ ამ მოქმედების ტერორისტული საფუძველი არ განიხილება.

თუმცა, მომხდარს ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. განრისხებულმა ადამიანებმა საპატრულო მანქანები, ავტობუსები, ტრამვაი გადაწვეს. ასევე, აქციის მონაწილეებმა რამდენიმე მაღაზია დაარბიეს, დუბლინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ქუჩაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები