გერმანიაში, “ჰამასის” წევრებისა და დაჯგუფების მხარდამჭერების სახლებში ათობით პოლიციელმა ჩხრეკა ჩაატარა.
თვის დასაწყისში გერმანიამ “ჰამასის” ნებისმიერი საქმიანობა ან მისი მხარდაჭერა აკრძალა.
7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, გერმანია ერთ-ერთი ქვეყანა გახდა, რომელმაც ისრაელს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა და ანტისემიტიზმის შესაჩერებლად მკაცრი ზომები მიიღო.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რეიდები, რომელიც ძირითადად ბერლინში ჩატარდა, მიზნად ისახავდა აკრძალვის შესრულებას.
მხოლოდ ბერლინში 300-ზე მეტმა პოლიციელმა “ჰამასთან” დაკავშირებულ შვიდ ადგილში ჩაატარა რეიდები.
ქვეყნის შიდა დაზვერვის შეფასებით, ქვეყანაში “ჰამასის”, დაახლოებით, 450 წევრი იმყოფება. მათი საქმიანობა მოიცავს პროპაგანდის გავრცელებას და საზღვარგარეთ ორგანიზაციის გასაძლიერებლად თანხების შეგროვებას.
როგორც შს მინისტრმა, ნენსი ფეზერმა თქვა, „ჩვენ ვაგრძელებთ მუდმივ მოქმედებას რადიკალური ისლამისტების წინააღმდეგ“.
ანალოგიური რეიდი პირველად 16 ნოემბერს, 7 ფედერალურ მიწაზე 54 ობიექტზე ჩატარდა.
ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულია თუ არა ვინმე დღევანდელი რეიდის შედეგად.