“უხერხულია ჩემი დადანაშაულება სხვა ერების მიმართ რასიზმში ან სექსიზმში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება შობადობას” – მიხეილ სააკაშვილი
“დიახ, ჩვენ გვინდა, გვყავდეს მეტი ქართველი, საქართველოს მეტი მოქალაქე და დიახ, ამას ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, მათ შორის IN VITRO პროცედურის სუბსიდირებით”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
„ვიღაცებს სწყენიათ, თუ რატომ ვახსენე სხვადასხვა ეროვნება, როდესაც ქართველებისთვის ხელოვნური განაყოფიერების ფინანსურ დახმარებაზე ვსაუბრობდი.
ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მინიმუმ უხერხულია ჩემი დადანაშაულება სხვა ერების მიმართ რასიზმში ან სექსიზმში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება შობადობას.
ფაქტი ფაქტად რჩება, ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა რამდენიმე ათას დოლარამდე ჯდება, რაც ქართველთა 90%-ს უბრალოდ არ აქვს.
დიახ, ჩვენ გვინდა, გვყავდეს მეტი ქართველი, საქართველოს მეტი მოქალაქე და დიახ, ამას ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, მათ შორის, IN VITRO პროცედურის სუბსიდირებით“, – წერს სააკაშვილი.
სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ უნდა გატარდეს შობადობის ძალიან აქტიური წახალისების პოლიტიკა.
„ჩვენ გვჭირდება ბევრი ბავშვი, ჩვენ გვჭირდება სტიმულები. დღეს ქართველი ქალები მუცლით ატარებენ სხვის შვილებს. უცხოელები ჩამოდიან და იყენებენ ქართველ ქალებს, ისინი არიან შიდა უბედურებაში. თავისი შვილები უნდა ატარონ. თავისი შვილი უნდა ჩასახონ და არა ამერიკელის, ავსტრიელის თუ ბანგლადეშელის და არავის“, – განაცხადა სააკაშვილმა.