ანდერს ადლერსკრეუტზი: რუსეთი გააგრძელებს მოლდოვაზე, საქართველოსა და უკრაინაზე ზეწოლას – ამიტომაც ევროინტეგრაცია მნიშვნელოვანი საკითხია
ვიცით, რას ნიშნავს ევროინტეგრაცია მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და უკრაინისთვის, – ამის შესახებ ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ანდერს ადლერსკრეუტზმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი გააგრძელებს არასტაბილური სიტუაციების შექმნას და სწორედ ამიტომაცაა გაფართოება მნიშვნელოვანი საკითხი.
„ევროკავშირის გაფართოებაც უსაფრთხოებასთანაა კავშირში. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იყო რუსეთსა და ევროკავშირს შორის. ვიცით, რას ნიშნავს ევროინტეგრაცია მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და უკრაინისთვის. რუსეთი გააგრძელებს ამ ქვეყნებზე ზეწოლას და გააგრძელებს არასტაბილური სიტუაციების შექმნას და სწორედ ამიტომაცაა გაფართოება მნიშვნელოვანი საკითხი“, – აღნიშნა ადლერსკრეუტზმა.
ცნობისთვის, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება 15 დეკემბერს გამოცხადდება.