ზაზა ლომინაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, ახალგაზრდები დაინტერესდნენ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობით და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებით, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროში, რის შესახებაც საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის თანმდევ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაში განსაკუთრებით გამოკვეთილია პარლამენტის როლი.
„ახალგაზრდებთან შეხვედრა საინტერესო იყო. უნდა ითქვას, რომ ჩვენს მომავალ თაობას სწორი ხედვა აქვს მოვლენებისადმი და ეს მათ შეფასებებშიც გამოიხატა, რომ საქართველოს სწორი ორიენტაცია აქვს აღებული ევროპისკენ და ის რეფორმები, რაც ხორციელდება სოციალურ სფეროსა და ჯანდაცვაში, მართლაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის”, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ შეხვედრის შემდეგ.