კულტურის სამინისტრო გამოჩენილ ქართველ ხელოვანს, მურაზ მურვანიძეს, ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოებას ულოცავს
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს სახალხო მხატვარს, სცენოგრაფს, თეიმურაზ (მურაზ) მურვანიძეს, ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოებას ულოცავს. ხელოვანი ქართული სახვითი და თეატრალური ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი უდიდესი წვლილის, საერთაშორისო ასპარეზზე გამორჩეული წარმატებისა და ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის დაჯილდოვდა.
„მხატვრის შემოქმედება მრავალსახოვანია. მისი მოღვაწეობა დაკავშირებულია სახვით ხელოვნებასთან, ქანდაკებასთან, სცენოგრაფიასთან. ბატონი მურაზის მონაწილეობით ბევრი წარმატებული სპექტაკლი დაიდგა საქართველოსა თუ უცხოეთში.
მურაზ მურვანიძემ საქართველოში და საზღვარგარეთ მხატვრულად გააფორმა არაერთი საოპერო და საბალეტო სპექტაკლი: დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე” (1966), დ. თორაძის „ჩრდილოეთის პატარძალი” (1983), რ. გაბიჩვაძის „ჰამლეტი” (1971), ა. მაჭავარიანის „ვეფხისტყაოსანი” (1985), გუნოს „ფაუსტი” (1964), დონიცეტის „დონ პასკუალე” (1978), მუსორგსკის „სოროჩინის ბაზრობა” (1988), პროკოფიევის „მოთამაშე” (1989), „რომეო და ჯულიეტა” (1983), ვერდის „დონ კარლოსი” (1990), „რეკვიემი“ (1990), ბორის ჩაიკოვსკის „ჯავშნოსანი პოტიომკინი” (1986), ადანის „კორსარი” (1986), პეტრე ჩაიკოვსკის „გედების ტბა” (1989) და სხვ., ასევე – მუსიკალური კომედიები და ოპერეტები: ს. ნასიძის „სტუდენტები” (1965), ს. ცინცაძის „სიმღერა ტყეში” (1968), შ. მილორავას „გაბზარული ფირფიტა” (1970), „ჩანჩურა” (1976), „ძუნწი” (1981), ნ. გაბუნიას „ყვარყვარე” (1974), გ. ცაბაძის „მირანდოლინა” (1976).
მ. მურვანიძე გ. ჯაფარიძესთან ერთად არის ავტორი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ჯ. ბალანჩინის ქანდაკებისა (1997). ის არის ავტორი მთაწმინდის პარკის მხატვრული გადაწყვეტის. როგორც მხატვარი სიყვარულით ამბობს, „ბომბორა“ მისი „ბიჭია“.
მურაზ მურვანიძე არის საქართველოს (1963), პოლონეთის (1977), კანადის (1986), საფრანგეთისა (1977) და აშშ-ის (1989) თეატრალური სეზონების საუკეთესო მხატვარი.
პარიზში, პიერ არჟილეს ცნობილ მუზეუმში, სალვადორ დალის ნამუშევრებთან ერთად არის მურაზ მურვანიძის შესრულებული დალის პორტრეტი, რომელიც დიდი მხატვრის სიცოცხლეშივე მისი თხოვნით გამოფინეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.