ლაშა ხუციშვილი: ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში მნიშვნელოვანი თანხები დაემატა სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებას
როგორც მან აღნიშნა, დამატებით 160 მილიონი ლარი გამოიყოფა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის და შეადგენს 2 მილიარდ 500 მილიონ ლარს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დამატებითი თანხის ძირითადი ნაწილი მოხმარდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას. რაც მნიშვნელოვანია – მომდევნო წელს სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასი, საშუალოდ, 500 ლარით გაიზრდება.
ლაშა ხუციშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს დამატებით გამოეყოფა 65 მლნ ლარი.
„სიახლეა ის, რომ გაიზარდა ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება და მომდევნო წელს, პენსიონერები მთელი წლის განმავლობაში მიიღებენ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს, დაიწყება ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსება, გაიზრდება ყოფილი პოლიციელებისა და ჯარისკაცების პენსიები, რისთვისაც ბიუჯეტში გავითვალისწინეთ კანონით განსაზღვრული 560 ლარიანი მაქსიმალური ზღვრის 1000 ლარამდე გაზრდა, ასევე, საშუალოდ 20 პროცენტით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც აღინიშნა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების კომპენსაცია გაიზარდა 1 000 ლარიდან 1 200 ლარამდე.
გაიზარდა 9 აპრილის მონაწილეთა და პოლიტრეპრესირებულთა ოჯახის წევრების ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუბსიდია – 7 ლარიანი – 40 ლარამდე; 22 ლარიანი – 60 ლარამდე; 44 ლარიანი – 80 ლარამდე.
2024-2025 წლებში განხორციელდება ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ეტაპობრივად, საცხოვრებლით დაკმაყოფილდება 1000-მდე უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახი. პროგრამის განსახორციელებლად, ჯამურად გამოიყოფა 50 მილიონი ლარი.
ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ისაუბრა ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით გათვალისწინებულ ხარჯებზე. მისი განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს დამატებით გამოეყოფა 150 მილიონი ლარი, საიდანაც 50 მილიონი ლარი მიიმართება ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის (2023 წელს, ამ მიმართულებით გამოიყო 20 მლნ ლარი). ასევე, 70 მილიონ ლარამდე გათვალისწინებულია აეროპორტების ინფრასტრუქტურისთვის, მათ შორის, განხორციელდება ვაზიანის ახალი აეროპორტის სრული ეკონომიკური კვლევა.
როგორც მან აღნიშნა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტებზე დამატებით გამოიყოფა 50,0 მლნ ლარი; თბილისსა და რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად დამატებით მიიმართება 110,0 მლნ ლარი.
ლაშა ხუციშვილი, ასევე, შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებას და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მომავალ წელს დამატებით გამოიყოფა 75 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს გამოეყოფა დამატებით 10 მილიონი ლარი, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს 50,0 მლნ ლარი, საიდანაც 20 მილიონი ლარი მიიმართება სახანძრო-სამაშველო მანქანებისა და ტექნიკის შესაძენად.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, სპორტის მიმართულებით დამატებით გამოიყოფა 20 მილიონი ლარი, საიდანაც 15 მილიონი ლარი მოხმარდება სპორტულ ფედერაციებს, ხოლო 5 მილიონი ლარი მიიმართება დამსახურებული სპორტსმენების, მწვრთნელებისა და საექიმო პერსონალის ყოველთვიური სტიპენდიების ზრდისთვის.
იგი ასევე, შეეხო 2024 წელს ელექტრონული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან მომავალ წელს დამატებით გამოიყოფა 25,0 მლნ ლარი და ჯამში, ამ მიზნით, 2024 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 125 მილიონ ლარამდე.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, პარლამენტთან ერთად, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში კვლავ გაგრძელდება მუშაობა ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაზე, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში დამტკიცდება.