“კანდიდატი ქვეყნები წლობით არ უნდა ისხდნენ ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში“ – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბარბოკი აცხადებს, რომ კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეები თანდათან უნდა ისარგებლონ ევროკავშირის უპირატესობებით – მანამდეც კი, სანამ ისინი ოფიციალურად გახდებიან ევროკავშირის წევრები.

ამის შესახებ მან ბერლინში ევროკავშირის გაფართოებას მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

„საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, როგორ მოვახდინოთ გაწევრიანების პროცესი ისე, რომ თაობებს არ მოუწიოთ ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში ცხოვრების გატარება”,- თქვა მან.

გერმანელი მინისტრი გამოვიდა წინადადებით, რომ იყოს შეთავაზებული მეტი პროგრამები კანდიდატი ქვეყნებისთვის, მაგალითად, რომლებიც შეეხებოდა კვლევების დაფინანსებას, როუმინგს ან გამარტივებულ სავიზო პროცედურებს.

ბერბოკმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეუძლია, წარმოიდგინოს, თუ როგორ მოახდენენ ეტაპობრივ ინტეგრირებას კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის სტრუქტურებში და შეძლებენ მინისტერიალებშიც მონაწილეობას დამკვირვებლების სტატუსში.

ამავე დროს, მინისტრმა აღნიშნა, რომ არ სურს რაიმე კომპრომისის დაშვება დემოკრატიასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ წევრ ქვეყნებთან, არამედ კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებითაც.

„ევროკავშირში ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსს, რომ უნდა გავაფართოოთ ჩვენი კავშირი. ეს არის რუსეთის დაპყრობითი ომის გეოპოლიტიკური შედეგი. მაგრამ გაფართოებული ევროკავშირი მხოლოდ მაშინ გაძლიერდება, როცა ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვბედავდით. უნდა გადავხედოთ, თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვენი კავშირი“, – თქვა ბერბოკმა და მოუწოდა ევროკავშირის შიდა რეფორმისკენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები