პარლამენტმა „საბიუჯეტო კოდექსში” ცვლილების შეტანას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა 81 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანას.
მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პროექტი „2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტის თანმდევია და სამი საკითხისაგან შედგება.
პირველი საკითხი ეხება დამატებითი ღირებულების გადასახადის განაწილების სისტემის მოქმედების ვადის ერთი წლით გახანგრძლივებას.
„რაც შეეხება გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდგომ პერიოდს, აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო მუშაობა დღგ-ს განაწილების სისტემასთან ერთად შემოღებულ იქნეს საშემოსავლო გადასახადის განაწილების სისტემაც და ქვეყანაში მობილიზებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილი დარჩეს მუნიციპალურ ბიუჯეტებში”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
მეორე საკითხი ითვალისწინებს განათლების და მეცნიერების მშპ-ს 6%-მდე დაფინანსების ვალდებულების გადავადებას 2028 წლამდე.
კანონპროექტით, ასევე, უქმდება ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ფულის გაცემის ყოველთვიური გეგმის დამტკიცების ვალდებულება.