გურამ მაჭარაშვილი: რაც უფრო რეალური ხდება კანდიდატის სტატუსის მიღება, მით უფრო ახლოვდება ოპოზიციის პოლიტიკური პანაშვიდები

ეს ხალხი ფინანსდება უცხოეთიდან და ასრულებენ არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა არასამთავრობო სექტორის მხრიდან კანდიდატის სტატუსის ქვეყნისთვის მინიჭების თხოვნით ევროკომისიისთვის მიმართვის კომენტირებისას აღნიშნა.

“სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი საქართველოს სახელმწიფოს ებრძვის. შარშან არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მათმა ლიდერებმა ხელში აიღეს რევოლუციური პროცესი, პარლამენტის წინ პირდაპირ მოითხოვეს ხელისუფლების გადადგომა და საზოგადოებას თავიანთი თავი შესთავაზეს მმართველობაში. პრაქტიკულად, ეს ხალხი, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან, ასრულებენ არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებს. ახლა გადაწყვეტილ საქმეზე რა განცხადებაც უნდა გააკეთონ, რასაც უნდა მიმართონ, ქართველი ხალხი აღარ დაიჯერებს. შარშან წალეკვით ემუქრებოდნენ ხელისუფლებას, გადაუსწრეს ოპოზიციონერებს და გამოჩნდა, რომ ფინანსდებოდნენ რევოლუციური სემინარებისთვის და გამოაშკარავებულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიზნები,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღებით არც ოპოზიციაა დაინტერესებული.

“რაც უფრო რეალური ხდება კანდიდატის სტატუსის მიღება, მით უფრო ახლოვდება ოპოზიციის პოლიტიკური პანაშვიდები. ეს არის რეალური და ამას ვხედავთ ყოველდღიურად, როცა ოპოზიციას არაფერი აღარ აქვს დღის წესრიგში გარდა იმისა, რომ რადიკალური პროცესები მოიგონოს და ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენონ,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები