ისრაელის არმია აცხადებს, რომ ღაზაში, ერთ დღეში „ჰამასის“ 50 წევრი მოკლა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ გასული დღის განმავლობაში ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში „ჰამასის“ 50 წევრი მოკლეს.

„გასული დღის განმავლობაში IDF-ის ჯარებმა გივატის ბრიგადის მეთაურობით ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მდებარე „ჰამასის“ სამხედრო დასაყრდენზე ოპერაცია ჩაატარეს. დღეს სახმელეთო ოპერაციების დროს ჯარებმა 50-მდე ტერორისტი მოკლეს“, – ნათქვამია „ტელეგრამის“ არხზე გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, როგორც ისრაელის არმიის განცხადებაშია აღნიშნული, „ჰამასის“ სამხედრო დასაყრდენი დასავლეთ ჯაბალიაში მდებარეობდა და ამავე დაჯგუფების მებრძოლების მომზადებასა და ტერორისტული მოქმედებების განსახორციელებლად გამოიყენებოდა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო. თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები