შალვა პაპუაშვილი – „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე: ამ პროექტის ყოველი სიტყვა, ყოველი მძიმე ევროკომისიასთან იყო შეთანხმებული
“მთლიანად ეს პროექტი შემუშავდა ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით – მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გადავუხადო მადლობა ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტის ყოველი სიტყვა ევროკომისიასთან იყო შეთანხმებული.
„რაც შეეხება „მაუწყებლის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებას, ჩვენ შეგნებულად ვიკავებდით თავს, ვინაიდან კანონპროექტის მიღების პროცესში იყო მცდელობა საბოტირების და კიდევ ერთი რეკომენდაციის ჩაგდების სურვილი. არ გვინდოდა საკითხის გამძაფრება და საგნობრივი განხილვა გვქონდა, თუმცა ევროკავშირის ელჩის განცხადებამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა. ამ პროექტის ყოველი სიტყვა, მძიმე, წერტილი შეთანხმებული იყო ევროკომისიასთან. მთლიანად ეს პროექტი შემუშავდა ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით და მე რამდენჯერმე გადავუხადე უკვე მადლობა და აქაც მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გადავუხადო მადლობა ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.