განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში პროფესიული განათლების მიმართულებით მიმდინარე თემატური მოკვლევის ფარგლებში ზეპირი მოსმენა გაიმართა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი თემატურ მოკვლევას ახორციელებს საკითხზე – „პროფესიულ განათლებაში შრომის ბაზართან თავსებადი პრიორიტეტების იდენტიფიცირება და დაფინანსების მოდელის ანალიზი”.
მოკვლევის ფარგლებში, ზეპირი მოსმენა გაიმართა კერძო და საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებთან.
მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა, მარიამ ლაშხმა კოლეჯების წარმომადგენლებისგან პროფესიულ განათლების სფეროში სხვადასხვა მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მისი თქმით, აღნიშნული თემატური მოკვლევა ეხმიანება პროფესიული განათლების ახალი ხედვის შესახებ პრემიერ-მინისტრისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივას.
„თემატურ მოკვლევას აქვს ხუთი მიმართულება: დაფინანსების მოდელის შესწავლა, ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, კერძო სექტორის ჩართულობა, პროფესიული განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინკლუზიურობა.
დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნულ მიმართულებებთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსია გაიმართა. მოკვლევის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და კერძო ექსპერტებთან შეხვედრა. ასევე, ვგეგმავთ ვიზიტს გერმანიაში, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში პროფესიული განათლების სისტემა სწორედ გერმანულ მოდელზეა დაფუძნებული”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.