დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონპროექტი თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილეს.

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” მოქმედი კანონით, ექსკლუზიურად კითხვის უნარის შეზღუდვის მქონე პირებისათვის ნაწარმოების მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირება და გავრცელება საჭიროებს ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობასა და, მოთხოვნის შემთხვევაში, საავტორო ჰონორარის გადახდას. წარმოდგენილი ცვლილების მიზანია, აღნიშნული წესის მოქმედების პარალელურად, კონკრეტულ პირთა ჯგუფისათვის (ბენეფიციარი, ავტორიზებული პირი) შექმნას სამართლებრივი შესაძლებლობა ნაწარმოების მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებისა და გავრცელებისათვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის წინაპირობების გარეშე.
„მიუხედავად იმ საკანონმდებლო აქტებისა, რომელიც უპირატესად საავტორო უფლებებს შეეხება, საკანონმდებლო ინიციატივის მთავარი პათოსი და ამოცანა შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების უკეთ დაცვას, მათი ინტერესების დაკმაყოფილებას და ზოგადად, მათი შესაძლებლობების გაუმჯობესებას”, – განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, მიხეილ სარჯველაძემ.
კანონპროექტი ქმნის სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმს საკუთრივ კითხვის უნარის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის, რათა მათთვის მოპოვებადი იყოს მისაწვდომ ფორმატში ადაპტირებული ნაწარმოებები.
კანონპროექტის მიღების შედეგად, კითხვის უნარის შეზღუდვის მქონე პირი მიიღებს სპეციალურ სტატუსს – ბენეფიციარი და შედეგად, მიენიჭება უფლება მარტივად და ფინანსური დანახარჯების გარეშე მოიპოვოს არსებული ნაბეჭდი ნაწარმოებების ადაპტირებული ფორმატები. ეროვნულ დონეზე გაიზრდება მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ნაწარმოებების რაოდენობა ადგილობრივი ავტორიზებული პირის მიერ რეპროდუცირებისა და უკვე რეპროდუცირებული მასალის სხვა სახელმწიფოდან იმპორტის საშუალებით, თუ საქართველო გახდება შესაბამისი ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე.
კანონპროექტი ადგენს ავტორის და საავტორო უფლებების სხვა მფლობელისა და კითხვის უნარის დარღვევის მქონე ადამიანების ინტერესებს შორის გონივრულ ბალანსს და გამორიცხავს ინტელექტუალური საკუთრების უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები