მიხეილ სარჯველაძე: პრეზიდენტი ცოტა უფრო კორექტული უნდა იყოს – პატივი უნდა სცეს პარლამენტს და მის წესებს

მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა.

სარჯველაძის თქმით, პრეზიდენტი უფრო წინდახედული უნდა იყოს.

“მეჩვენება, რომ ეს განცხადებაც თავის მოსაწყლების და საკუთარი თავის მსხვერპლის მანტიით შემოსვის მცდელობაა. საზოგადოებამ ისე არ გაიგოს, თითქოს, ვინმეს რაიმე დასამალი აქვს. პრეზიდენტი ასეთ საკითხებზე საუბრისას ცოტა უფრო კორექტული უნდა იყოს, ცოტა მეტად წინდახედულიც. მას უნდა ახსოვდეს, რომ პრეზიდენტია და პარლამენტში მობრძანდება, რომელსაც თავისი წესები. მესმის, რომ კონსტიტუციაში წერია, სახელმწიფოს მეთაურია, მაგრამ უნდა გაითავისოს, ეს სიმბოლური დატვირთვის მატარებელია და ყველაფრის განმკარგველი არ არის, ამიტომ პატივი უნდა სცეს პარლამენტს და მის წესებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში დღეს გაიმართება. საკითხის განხილვა 12:00 საათზე დაიწყება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები