მამუკა მდინარაძე: გუშინ გვარამიამ თქვა, რომ სამი მოსამართლე გვყავსო, ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია
“მათ ვერ გამიჯნეს, თუ არ გამიჯნეს საქართველოს პარლამენტის და საკუთარი კომპეტენცია, როდესაც ისინი მსჯელობის დროს საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაში შემოიჭრნენ და იმპიჩმენტის საკითხის მიზანშეწონილობაზე ისაუბრეს, რაც მათი საქმე არ არის”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის განსხვავებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება არის, დაადგინოს დარღვევის ფაქტი, ხოლო საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებაა, რომ თუ ფაქტი დადგინდა დარღვევის, ამის შემდეგ გადაწყვიტოს, ამ დარღვევას უნდა მოჰყვეს თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტი.
„სამმა მოსამართლემ საქართველოს მთავრობას უთხრა, რომ შესაბამისი უფლებამოსილება თქვენ გეკუთვნითო, მაგრამ არ გეკუთვნითო. ალბათ, გაგახსენდებოდათ ცნობილი ეპიზოდი კინოფილმიდან. მათ ვერ გამიჯნეს, თუ არ გამიჯნეს საქართველოს პარლამენტის და საკუთარი კომპეტენცია, როდესაც ისინი მსჯელობის დროს საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაში შემოიჭრნენ და იმპიჩმენტის საკითხის მიზანშეწონილობაზე ისაუბრეს, რაც მათი საქმე არ არის. საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება არის, დაადგინოს დარღვევის ფაქტი, ხოლო საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებაა, რომ თუ ფაქტი დადგინდა დარღვევის, ამის შემდეგ გადაწყვიტოს ამ დარღვევას უნდა მოჰყვეს თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ასეთ მარტივ იურიდიულ ჭეშმარიტებაზე რომ გვიწევს მსჯელობა, ეს უკვე არის სირცხვილი, უხერხულია. მე მათ შეურაცხყოფას არ მივაყენებ და არ ვიტყვი, რომ ვერ გამიჯნეს, უფრო არ გამიჯნეს. გუშინ გვარამიამ თქვა, რომ სამი მოსამართლე გვყავსო. ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია,“ – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილებას პლენუმის წევრი ცხრა მოსამართლიდან სამმა, ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა მხარი არ დაუჭირა.