პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო წელს „კოჭლ იხვს“ უწოდებენ, ეს უზრდელობა არაა – ირაკლი კობახიძე
„სალომე ზურაბიშვილმა იცის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს მის იმპიჩმენტს, მაგრამ ინდივიდუალური დეპუტატების მიმართ ნდობა არ აქვს და ამის გამო მოუწოდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომ სხდომათა დარბაზში არ შემოვიდნენ, მეორე მხრივ კი არის ე.წ. კარწინკის ინტერესი, რომ საწყალი სალომე ზურბიშვილი მარტო იჯდეს სხდომათა დარბაზში და ოპოზიცია არ უმაგრებდეს ზურგს – პრეზიდენტი უზრდელობს პარლამენტის წევრების მიმართ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვიღაცებზე შეიძლება იყოს პოლიტიკური ზეწოლა ან ვიღაცები იყვნენ პოლიტიკური გავლენის ქვეშ. რაც მთავარია, უმარტივესი კაზუსია, რომელიც ამოიხსნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ქვეყანას შეუნარჩუნდა კონსტიტუცია და საპარლამენტო მმართველობის სისტემა. პროცედურას რაც შეეხება, სავარაუდოდ, ხვალ განიხილება პარლამენტში. 100 ხმის მობილიზება პრაქტიკულად არარეალურია. „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევდა კონსტიტუციას. მათ ჰქონდათ სრული კოორდინაცია. უფრო მეტიც, გუშინ წამოსცდა, რომ ერთად იმუშავებენ ხვალ ე.წ. კარწინკაზე – ანუ, ძლიერი სურათი რომ დავდგათ, შიგნით მარტო შევალ და თქვენ გარეთ დადექითო. წარმოიდგინეთ, „კარწინკაზეც“ კი ერთად მუშაობს კოლექტიური „ნაცმოძრაობა” და სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი ჰქვია, ყველაფერს რომ თავი დავანებო. თქვა, სირცხვილიაო და ასეთი ტერმინები გამოიყენა. ეს შემაშფოთებელია. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ პრეზიდენტი უზრდელობს პარლამენტის წევრების მიმართ. ეს იყო უზრდელობა, პრეზიდენტი, 70 წლის ქალია და უზრდელობს“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ განმარტა საკუთარი განცხადება, როდესაც პრეზიდენტთან მიმართებით „კოჭლი იხვი” ახსენა და განაცხადა, რომ ეს ამერიკული ტერმინია.
„კოჭლი იხვი“ ამერიკული ტერმინოლოგიაა. პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო წელს „კოჭლ იხვს“ უწოდებენ ამერიკაში. ეს უზრდელობა არაა, მაგრამ რაც გუშინ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ეს არის უზრდელობა”, – განაცხადა კობახიძემ.