ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში: საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მოყვება რიგი კონსტიტუციურად მნიშვნელოვანი ინტერესების ხელყოფა
“იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, ფორმალურად, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, არ იკვეთება, რომ მისმა ქმედებებმა დააზიანა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა ან/და, კონსტიტუციის უხეში დარღვევით, საფრთხე შეუქმნა ხელისუფლების განხორციელების კონსტიტუციურ წესრიგს”,- ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლე, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ განსხვავებულ აზრში აღნიშნავენ.
მათივე მოსაზრებით, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას რიგი კონსტიტუციურად მნიშვნელოვანი ინტერესების ხელყოფა მოჰყვება.
“ვთვლით, რომ შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხორციელებული რეაგირებით სრულყოფილად აღმოიფხვრებოდა ის საფრთხეები, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ქმედებას შეეძლო გამოეწვია. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მოყვება რიგი კონსტიტუციურად მნიშვნელოვანი ინტერესების ხელყოფა. შესაბამისად, ხსენებული ღონისძიება კონსტიტუციური წესრიგის დაცვის აუცილებლობით უნდა იყოს ნაკარნახევი, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს. მივიჩნევთ, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება იწვევს პრეზიდენტის მიერ ხელისუფლების განხორციელების კონსტიტუციური ინტერესის იმაზე მეტად ხელყოფას, ვიდრე ამას წარდგინების ავტორების მიერ მითითებულ დარღვევასთან დაკავშირებით ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ უნდა დაედასტურებინა, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის მიზნებისათვის, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი”,- წერია მოსამართლეების განსხვავებულ აზრში.