გიორგი მარგველაშვილი: საქართველო მოხვდა ნატოსთან ყველაზე თავსებადი პარტნიორებისა და ასპირანტი ქვეყნების ჯგუფებში
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატოს უელსის სამიტის შედეგებს კიდევ ერთხელ აფასებს. როგორც მარგველაშვილმა “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას განაცხადა, საქართველომ უელსის სამიტის შედეგად მაქსიმუმი შედეგი მიიღო. პრეზიდენტის შეფასებით, პაკეტი, რომელიც სამიტზე იქნა მირებული, საქართველოს თავდაცვისუნარიანობას მაღალ ხარისხზე აწევს და ქვეყანა უფრო დაცული გახდება.
“ნატო როგორც სამხედრო ალიანსი ყოველთვის კონკრეტული გეოპოლიტიკური რეალობის წინაშეა. ამ რეალობაში, რომელიც დღეს არსებობს, თვითონ ნატოს შიგნით მიდის ხელახალი გააზრების, უშიშროების და უსაფრთხოების სისტემების გადაფასების პროცესი. კონსერვატიზმი ამასთან მიმართებით მოსალოდნელი იყო. ჩვენ მანამდეც ვიცოდით, რომ ნატოს სამიტი არ იქნებოდა გაფართოების სამიტი, შესაბამისად ამ წინაპირობებიდან გამომდინარე მიღებულია მაქსიმუმი.
ამ სამიტზე ჩვენ მივიღეთ პაკეტი, რომელიც არა ხვალ და ზეგ, როდესაც ჩვენ ნატოს წევრები გავხდებით, არამედ დღესვე უფრო მაღალ ხარისხზე აწევს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისათვის, იმისათვის რომ საქართველო იქნება უფრო დაცული. რა თქმა უნდა, დაცულობის უმაღლესი ხარისხი არის, როდესაც შენ გახდები წევრი, მაგრამ მანამდე ჩვენ უკვე ვიღებთ შედეგს თავდაცვის მიმართულებით.
რაც შეეხება არა კონკრეტულ შედეგს, არამედ იმ გზას რომელზეც ჩვენ ვდგავართ, აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული. პირველი, ეს არის ის, რომ აღიარებულია ჩვენი ნატოსკენ მიმავალი გზის რესურსები, ის რა რეჟიმშიც ჩვენ ვითარდებით და ეს გზა რომ სწორად მიდის და ამ გზის საშუალებით ჩვენ მივდივართ ნატოში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის განცხადება, რომ ჩვენ გაგვაჩნია ყველა ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ჩვენ ნატოს სტანდარტებს მივუახლოვდებით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განმარტებით, საქართველო მოხვდა ნატოსთან ყველაზე თავსებადი პარტნიორების ჯგუფში და ამასთან, ასპირანტი ქვეყნების ჯგუფშიც. სამიტზე მიღწეულ წარმატებას მარგველაშვილი თავდაცვის სამინისტროს და ჯარისკაცების თავდაუზოგავ შრომას უკავშირებს.
“ჩვენ გადავედით ნატოსთან ყველაზე თავსებადი პარტნიორების ჯგუფში. აქ უკვე ჩვენი ჯარისკაცების მომზადების დონე არის აღიარებული, იქიდან გამომდინარე, რომ 11 ათასმა ქართველმა ჯარისკაცმა გაიარა წრთვნა ISAF-ის მისიაში და აქედან გამომდინარე, შეიქმნა კიდევ ერთი ჯგუფი, ნატოსთან მაქსიმალურად თავსებადი ქვეყნებისა და იქ ჩვენ ვართ ფინეთთან, შვედეთთან, იორდანიასთან ერთად. ეს ჯგუფი ცალკე გამოყოფილი ჯგუფია, ცალკე არის გამოყოფილი ასპირანტი ქვეყნების ჯგუფი, ჩვენ ორივე ჯგუფში ვართ წარმოდგენილი. ამ მიღწევაში კი ლომის წვლილი აქვს თავდაცვის სამინისტროს, ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებმაც არამარტო დაუღალავი შრომის შედეგეად, არამედ სიცოცხლის გაწირვის შედეგად შეგვიყვანეს ამ ამაღლებულ ჯგუფებში”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.