მიხეილ სარჯველაძე – პრეზიდენტზე: ახლა მუქარებს ჯობდა, ცოტა წინდახედულობა გამოეჩინა
“ახლა მუქარებს ჯობდა, ცოტა წინდახედულობა გამოეჩინა, როდესაც „გაბედულ გადაწყვეტილებას” იღებდა, რომ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში დამდგარიყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართვის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი რიტორიკა მიუღებელია.
“რასაკვირველია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისაღები იყოს ასეთი ტიპის რიტორიკა. ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ თვითონ პრეზიდენტმა გადასარევად იცის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის მართალი ნამდვილად არ ყოფილა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებული გადაწყვეტილება მიეღო. ამიტომ, რა თქმა უნდა, მეტად თავშეკავებული უნდა იყოს იმ ფონზე, როდესაც ცოტა მეტი წინდახედულობაც მართებდა, როდესაც იმ გადაწყვეტილებას იღებდა, რამაც, საბოლოოდ, იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება გვაიძულა. არაფერი მოულოდნელი ასეთ თავდასხმაში არ ყოფილა იმიტომ, რომ სხვა აღარაფერი დარჩენია თუ არა ასეთი განცხადებების კეთება, რომელიც ზედმიწევნით პოლიტიკურია.
ახლა მუქარებს ჯობდა, ცოტა წინდახედულობა გამოეჩინა, როდესაც “გაბედულ გადაწყვეტილებას” იღებდა, რომ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში დამდგარიყო”, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის განხილვაზე მივა. “პარლამენტშიც მივალ. სხვათა შორის, მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.