გვინდა მოვუწოდოთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მიიღონ მონაწილეობა იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში მაინც, ნუ მიიღებენ კენჭისყრაში, რადგან ერთმანეთს არ ენდობიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, აღიარებს თუ არა პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
„რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამასთან დაკავშირებით, გვინდა მოვუწოდოთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მიუხედავად იმისა, ისინი აცხადებენ, რომ არ შემოვლენ სხდომაზე, სადაც იქნება კენჭისყრა საკითხის, კი ბატონო, ნუ შემოვლენ, მაგრამ მიიღონ მონაწილეობა საკითხის განხილვაში მაინც, იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას, ქართულ საზოგადოებას წარუდგინონ თავისი არგუმენტები, თუ რა არგუმენტები აქვთ იმ ვერსიის და რეალური, რელევანტური, სწორი პოზიციის გასაბათილებლად, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი, უკვე დადასტურებული დარღვევის შემდეგ მიზანშეწონილად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა. აქ ძალიან საინტერესო იქნება მათი საპირისპირო არგუმენტები. სავარაუდოდ, ისინი გაექცევიან ამ განხილვას, თუმცა ჩვენ მაინც მოვუწოდებთ, რომ მიიღონ მონაწილეობა განხილვაში, კი ბატონო, არ შემოვიდნენ, რადგან ერთმანეთს არ ენდობიან და ელემენტარული ნდობა არ აქვთ ერთმანეთის, ნუ მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში. მონაწილეობა მიიღონ საკითხის განხილვაში.
ასევე, ამ წუთამდე, უცნობი რჩება პრეზიდენტის პოზიცია, ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, აღიარებს თუ არა პრეზიდენტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მისმა წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებულ კითხვას, თქვენი კოლეგის მიერ დასმულს, თავი აარიდეს, ჩვენ ველოდებით პრეზიდენტისგან პოზიციას, ის აღიარებს, ცნობს თუ არა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა 3-5 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით მიმდინარეობდა. პროცესს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ესწრებოდა. სასამართლო სხდომაში მონაწილეობდნენ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები – პარლამენტის 4 დეპუტატი ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. ისინი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ.