გიორგი კახიანი:ალბათ, ახლა იტყვიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი
,,პროცესი იყო სრულიად საჯარო, გამჭვირვალე და, ვფიქრობ, რომ 3 დღის განმავლობაში, როდესაც პირდაპირ ეთერში გადიოდა პროცესი დილიდან საღამომდე, საზოგადოებამ თავისი თვალით ნახა სამართლებრივი პროცესი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი რაც ოპოზიციას დარჩენია – სპეკულაციებია.
„არა მგონია, რომ რომელიმე ჩვენი ოპონენტი დადგეს და სამართლებრივად დაიწყოს ამ საკითხის განხილვა, იმიტომ რომ უბრალოდ აბსურდში შემოვლენ. ბუნებრივია, ამ ნაწილში ისინი არც არანაირ შეფასებებს არ გააკეთებენ. ერთადერთი რაც მათ დარჩენიათ არის პოლიტიკური სპეკულაციები. ალბათ, ახლა იტყვიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი. როგორ არ იყო დამოუკიდებელი? საზოგადოებამ ხომ ეს პროცესი თავისი თვალით ნახა. საჯაროობა და გამჭვირვალობა არის გარანტია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კახიანმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას.