შალვა პაპუაშვილი: პარლამენტს შეუძლია, განხილვაზე მოიწვიოს პირი, ვის მიმართაც იმპიჩმენტის საკითხია დასმული, დავუკავშირდებით პრეზიდენტის აპარატს, თუ ექნება განხილვაში მონაწილეობის სურვილი
“საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, თუ სასამართლო არ დაადგენდა დარღვევას, მაშინ წყდებოდა ყველანაირი განხილვა, რადგან დაადგინა სასამართლომ, რომ არის კონსტიტუციის დარღვევა, უკვე პროცესი ინაცვლებს პარლამენტში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას 100 ხმა სჭირდება.
„ვვარაუდობ, რომ ხვალინდელ ბიუროზე წარმოვადგენთ დადგენილების პროექტს, რომელშიც იქნება განხილვის გრაფიკი. შეტყობინების მიღებიდან პარლამენტს აქვს ორი კვირა, რომ განიხილოს და კენჭი უყაროს ამ საკითხს. მიმდინარე კვირაშივე აჯობებს, რომ განვიხილოთ ეს საკითხი და კენჭისყრაზეც დავაყენოთ. ამიტომ, ხვალ ბიუროზე დადგენილების პროექტს წარმოგიდგენთ, რომელიც პლენარულ სხდომაზე ხვალ გავა იმისთვის, რომ განხილვის გრაფიკი დავადგინოთ.
პარლამენტს შეუძლია, მოიწვიოს პირი, ვის მიმართაც იმპიჩმენტის საკითხი არის განხილული, განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ დავუკავშირდებით პრეზიდენტის აპარატს და ვიკითხავთ, თუ ექნება მას სურვილი მონაწილეობის, ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. შესაბამისად, შემდეგ უკვე პარლამენტში იქნება განხილვა და კენჭისყრა ამ საკითხთან დაკავშირებით.100 ხმა სჭირდება იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას მიმდინარე კვირაში, ვინაიდან უკვე სასესიო კვირა გვაქვს, ამ საკითხს განვიხილავთ და კენჭს ვუყრით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.