“ისრაელიდან 45-ზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვი გამოემგზავრება მშობლებთან ერთად დღეს თბილისის მიმართულებით”,- ამის შესახებ საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია აცხადებს.
მისივე თქმით, საელჩოში, საქართველოს დაშავებული, ან დაკარგული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.
„დაშავებული, ან დაკარგული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა დღემდე. ჩვენი მედიის მიერ ძალიან ხშირად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რის გამოც პანიკა ვრცელდება ხოლმე. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს არასწორი ინფორმაციები უარვყოთ და დავუზუსტოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში არიან. დაემატა დამატებითი კომერციული რეისი georgian airways-ს მიერ და ამ რეისზე ძირითადად საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. ჩვენ მოვახერხეთ და ძირითადად ისეთ მოქალაქეებს დავეხმარეთ, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. დღეს, 45-ზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვი გამოემგზავრება მშობლებთან ერთად დღეს თბილისის მიმართულებით“, – აცხადებს ჟვანია.
შეგახსენებთ, სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო.