არჩილ თალაკვაძე: უნგრეთის პარლამენტსა და მთავრობას ნამდვილად არ ეკუთვნით კრიტიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით

”ვის, ვის და უნგრეთის პარლამენტსა და მთავრობას ნამდვილად არ ეკუთვნის კრიტიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან და საოკუპაციო ხაზთან ვიზიტებთან დაკავშირებით”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანია, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.
“ოპოზიციის სამეგობრო წრიდან ის პოლიტიკური ჯგუფები და სპიკერები გამოიკვეთა, ვინც ვიქტორ ორბანს და ჩვენს ხელისუფლებას აკრიტიკებენ ორმხრივი თანამშრომლობისთვის და ამ მნიშვნელოვანი ვიზიტისთვის. ამ ადამიანების სახეებს, სახელებსა და გვარებს თუ დავაკვირდებით, ზუსტად ემთხვევა იმ წრეს, რომლებიც ევროდერეფნებში თუ ღიად მედია სივრცეში საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდიან. ეს ის ხალხია, ვისაც სწყინს და ძალიან არ უნდათ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირონ. მათ ერთადერთი მიზანია აქვთ, რომ საქართველომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ამის საფუძველზე გარკვეული მღელვარება და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში დაბრუნება სცადონ. სხვა ახსნა ვერ ექნება იმას, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყანა სტატუსის მინიჭებაში მხარს გიჭერს და ამის საპასუხოდ კრიტიკული განცხადებებით გამოდიხარ. ლამის ამბობენ, რატომ ჩამოვიდა ჩვენი მეგობარი საქართველოში და რატომ დახვდა ჩვენი ხელისუფლება მეგობრულად. ვის, ვის და უნგრეთის პარლამენტსა და მთავრობას ნამდვილად არ ეკუთვნის კრიტიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან და საოკუპაციო ხაზთან ვიზიტებთან დაკავშირებით. ისინი არაერთხელ ყოფილან საოკუპაციო ხაზთან და პირდაპირი მხარდაჭერა აქვთ გამოხატული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამ კუთხით კრიტიკა იმ ჯგუფისა და საერთო ხაზის ნაწილია, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები