ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა, რომელიც დეპუტატებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა გააცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
კანონპროექტის მიღების შედეგად იქმნება ახალი სერვისი რესურსსკოლების მიერ კონსულტირების განხორციელების გზით, რაც მომხსენებლის განცხადებით, გაზრდის განათლების მიღების ხელმისაწვდომობასა და ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
როგორც ნოდარ პაპუკაშვილმა აღნიშნა, კანონპროექტით ფართოვდება საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის ფუნქციები.
მანდატურის სამსახურის ფუნქციებს ემატება ინკლუზიური განათლების კომპონენტი, რაც გულისხმობს მოსწავლეების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირებას, მოსწავლის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების შესაბამისი საგანმანათლებლო პირობების შექმნის მიზნით კონსულტირებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების დანერგვისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო მხარდამჭერი მომსახურებების გაწევას.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.