ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებაზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე იმსჯელა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის მამუკა ბარათაშვილის განმარტებით, კანონპროექტით გადასახადების ადმინისტრირება გამარტივდება. მისი მიღება აუცილებელია გადასახადების ადმინისტრირების საკითხებში ცალკეული პრობლემის გადაჭრის მიზნით, ასევე, კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო კოდებისა და საქონლის დასახელებების „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურის 2022 წლის რედაქციის საფუძველზე მომზადებულ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურასთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

კანონპროექტით განისაზღვრა, რომ საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება როგორც მკვეთრად, ასევე მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში 6000 ლარამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი.

რედაქციული ხასიათის შესწორებით კოდექსის რიგი მუხლები შესაბამისობაში მოდის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით (IFRS) გათვალისწინებულ ტერმინოლოგიასთან.

კანონპროექტი, რომელსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები