ლაშა ჟვანია: დღის განმავლობაში ვითარება შედარებით სტაბილური იყო – ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც არ არის დაზუსტებული და საზოგადოებაში პანიკურ ქმედებებს იწვევს

დღის განმავლობაში ვითარება შედარებით სტაბილური იყო იმ მხრივ, რომ ისრაელმა პრაქტიკულად კონტროლი დაამყარა მთელს ტერიტორიაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისი თქმით, შუადღისას თელ-ავივისა და მის შემოგარენში განგაშის სირენა იყო ჩართული, თუმცა მდგომარეობა მალევე დაწყნარდა.

„დღის განმავლობაში ვითარება შედარებით სტაბილური იყო იმ მხრივ, რომ ისრაელმა პრაქტიკულად კონტროლი დაამყარა მთელს ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, მაინც გრძელდებოდა საჰაერო თავდასხმა, თუმცა, ისრაელის საჰაერო თავდაცვის საოცრად თანამედროვე აღჭურვილობა, რომელსაც „რკინის გუმბათი“ ჰქვია თავდასხმის თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას იგერიებდა. დღეს, შუადღისას თელ-ავივისა და მის შემოგარენში იყო განგაშის სირენა ჩართული, თუმცა მდგომარეობა მალევე დაწყნარდა. ჩრდილოეთიდან, ჰეზბოლახის მხრიდან მოხდა ასევე საზღვარზე საჰაერო თავდასხმა, სადაც ისრაელს საპასუხო რეაგირება ჰქონდა, თუმცა დღეს რეალურად ვითარება ნელ-ნელა სამხედრო თვალსაზრისითაც და პოლიტიკურადაც იცვლება“, – განაცხადა ჟვანიამ.

ელჩი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის სერიოზული გზავნილი, რომელმაც შესაძლოა, ისრაელში უფრო ეფექტური და სწრაფი სტაბილურობა გამოიწვიოს.

„აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა განცხადება, რომელიც ბოლო ათწლეულებია ამერიკის ლიდერისგან არავის მოუსმენია. ის არის ძლიერი ლიდერი, რომელიც აცხადებს სრულ მხარდაჭერას ისრაელის მიმართ და მოუწოდებს „ჰეზბოლას“ და მის მხარდამჭერ სახელმწიფოებს, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც შეიძლება ისრაელის სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ იყოს მიმართული. ეს სერიოზული გზავნილია აშშ-ის მხრიდან, რამაც წესით უნდა შეცვალოს ან შეარბილოს „ჰეზბოლას“ მხრიდან მოქმედებები, ან ეს არის ამერიკის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც წინ შეიძლება უძღოდეს ამერიკის რეაგირებას ჰეზბოლახის ქმედებებთან დაკავშირებით, თუკი იქნება ასეთი რამ ისრაელის წინააღმდეგ. ეს არის ზოგადად ის ვითარება, რომელმაც შეიძლება ისრაელში უფრო ეფექტური და სწრაფი სტაბილურობა გამოიწვიოს“, – განაცხადა ჟვანიამ.

ელჩმა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად სპეციალურად დანიშნულ რეისებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება თითქოს უკვე დანიშნული რეისების გაუქმებაზე, ტყუილია და საფუძველი არ აქვს.

„რაც შეეხება ჩვენს მოქალაქეებს, როგორც ვიცით, ხვალ დამატებითი რეისი არის დანიშნული. ამ რეისით საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან ქვეყანაში, ისევე, როგორც 12 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა დამატებითი რეისი და ვნახავთ, თუკი მოთხოვნა იქნება ჩვენი მოქალაქეებისგან საქართველოში დაბრუნებაზე, შეიძლება, ასევე 13 რიცხვზეც ვისაუბროთ რეისის დამატებაზე. დღეს ისევე, როგორც საქართველოს ავიახაზებმა, ისრაელის ავიახაზებმაც შეასრულეს ორი რეისი თბილისის მიმართულებით. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება თითქოს უკვე დანიშნული რეისების გაუქმებაზე ტყუილია და საფუძველი არ აქვს, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც არ არის დაზუსტებული, საფუძველს მოკლებულია, ხოლო ჩვენს საზოგადოებაში და ჩვენს მოქალაქეებში, ისრაელში იწვევს პანიკურ ქმედებებს“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები