ირაკლი ჩიქოვანი: უმძიმესია ის სურათი, რომელიც ვიხილეთ ისრაელში – საელჩო ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ
“უმძიმესია ის სურათი, რომელიც ვიხილეთ ისრაელში. ეს არის უმძიმესი კადრები. რა თქმა უნდა, ტერორიზმისა და ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ადგილზე საელჩო ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ.
„მაგრამ, როგორც ვხედავთ, იქ უკვე ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ისრაელის სახელმწიფომ ომის მდგომარეობა გამოაცხადა და, ალბათ, ეს იქნება საკმაოდ ხანგრძლივი ომი. ეს არის ურთულესი რეგიონისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, სოლიდარულები ვართ ჩვენი ისრაელელი პარტნიორების მიმართ და ვუსურვებთ მათ მხნეობასა და გამძლეობას. აქვე, უმნიშვნელოვანესია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მძევლების გათავისუფლება. სამწუხაროდ, არის ინფორმაცია, რომ მძევლები წამების ობიექტები არიან და შესაძლოა რამდენიმე მათგანი არც იყოს უკვე ცოცხალი. ეს არის სასტიკად მიუღებელი და დასაგმობი.
აქვე ხაზი მინდა, გავუსვა იმას, რომ აქ უკვე არაერთმა სახელმწიფომ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავაკვირდეთ რა ხდება და ამავდროულად, ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩვენს მოქალაქეებს, თუ მათ სურვილი აქვთ, ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებაში. ასევე, ადგილზე საელჩო ძალიან ინტენსიურად მუშაობს იმისთვის რომ ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.